კლინიკები

სამართლის კლინიკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა შეიქმნა 2013 წელს, სამართლის დეპარტამენტის საფუძველზე. პროგრამა წარმოადგენს სასწავლო დისციპლინას,რომელიც ბენეფიციარებისთვის ახორციელებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას ასევე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში უწევს ადვოკატირებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა თავის სამქმიანობას წარმართავს სამოქალაქო სამართლის, საჯარო სამართლისა და სისხლის სამართლის მიმართულებით.

კლინიკის მიზანია დაეხმაროს,როგორც სამართლის საბაკალავრო   ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში; შეისწავლონ ადვოკატირების უნარ-ჩვევები. სტუდენტები პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების ზედამხედველობით, ეუფლებიან პრაქტიკულ გამოცდილებას რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის.

 სტუდენტები სწავლობენ სამართლებრივი პრობლემის დადგენას, პრობლემის გადაწყვეტის გზების შემუშავებას, იურიდიული დოკუმენტების დამოუკიდებლად შედგენას, საქმისწარმოების პროცედურის განხორციელებას, დროის და რესურსების ეფექტურად განაწილებას, აგრეთვე სტუდენტები კლინიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქალაქეთა მიღებას, გასცემენ ზეპირ და წერილობით იურიდიულ კონსულტაციებს, მონაწილეობას იღებენ საქმის განსახილველად მომზადებაში, ესწრებიან სასამართლო პროცესებს.

სამართლის კლინიკით გათვალისწინებული პროგრამის დამთავრების შედეგად სტუდენტები მიიღებენ მოქალაქეებთან მუშაობის, სასამართლო პროცესებისათვის დოკუმენტების მოგროვებასა და მომზადების, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობების  გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვანი იქნება მათი კარიერული წინსვლისათვის.

კლინიკის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად სტუდენტის კლინიკური სწავლება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სტურქტურაში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციასთან, საჯარო დაწესებულებასთან, იურიდიულ ბიუროსთან, აგრეთვე სამართლებრივი პროფილის არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რის საფუძველზეც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ პრაქტიკული სწავლება უშუალოდ ამ დაწესებულებებში.

 

სამართლის კლინიკა მომავალში გეგმავს სხვადასხვა სალექციო და სასემინარო კურსების ასევე იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზებას. რათა სტუდენტებმა  კლინიკის მეშვეობით გამოიმუშავონ პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების,  პროფესიული ეთიკისა და სხვა ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მომავალში მათი პროფესიული წინსვლისათვის.

 

საზაფხულო სკოლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

2016 წლის 17-21 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის უკვე მეოთხედ გაიმართა საზაფხულო სკოლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეირჩნენ ფაკულტეტზე გამოცხადებული  საკონკურსო წესით, რომლებიც ოთხი დღის განმავლობაში იღებდნენ მონაწილეობას საზაფხულო სკოლაში. საზაფხულო სკოლის პროგრამა მეტად საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისთვის, მათ ჩაუტარდათ არაერთი ლექცია-ტრენინგი. პირველ დღეს სტუდენტებს ლექცია წაუკითხა სტუ-ს პროფესორმა დავით სოლომნიშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ ხანგრძლივი შეხვედრა გამართა სტუდენტებთან. მათ კონკრეტულად გააცნო საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა, განუმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტიდან მთელი რიგი საკითხები და სხვა.  თავმჯდომარის მრჩეველმა სტუდენტებთან ერთად მიმოიხილა სენსიტიური საქმეები, რომლებიც განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომ, განმარტება მისცა ზოგიერთ დასრულებულ საქმეზე და შეაფასა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს მესამე დღეს შეხვდა  თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი ლევან მაისურაძე. სტუდენტებმა არაერთი შეკითხვა დაუსვეს და მისგან სათანადო პასუხებიც მიიღეს. მრჩეველმა მიმოიხილა მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკა საკონსტიტუციო დავების განხილვის კუთხით, რამაც  სტუდენტების ინტერესი აღნიშნულ თემაზე კიდევ მეტად გაზარადა.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებისათვის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან  პროფესორ ლალი ფაფიაშვილთან.  სტუდენტებმა მოსამართლისგან მიიღეს პრაქტიკული რჩევები და მოისმინეს მისი მოსაზრება კონკრეტულ სადავო საკითხთან მიმართებაში.  ქალბატონმა ლალიმ გააცნო საკონსტიტუციო სასამართლოში სტაჟირების გავლის წესი და სტუდენტური ოლიმპიადების შესახებ ინფორმაცია.

სტუდენტური საზაფხულო სკოლის დასასრულს სტუდენტებს შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, რომელმაც სტუ-ს სამართლის კლინიკის ხელმძღვანელთან ანა ფუტკარაძესთან ერთად გადასცა სერთიფიკატები სტუდენტებს და მადლობა გადაუხადა მათ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის.

სამართლის კლინიკა დიდ მადლობას უხდის პროექტის ფინანსური მხარდაჭერისათვის სტუ-ს რექტორს არჩილ ფრანგიშვილს და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობებს  ფაკულტეტის დეკანს  ირაკლი გაბისონიას.  მსგავსი სახის პროექტები და საზაფხულო სკოლები არაერთჯერ ჩატარდება ფაკულტეტის დაფინანსებით.

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის „სამართლის კლინიკამ“ ქ. თბილისის მერიასთან ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ს პროექტი „იურიდიული კლინიკა – ჩემი ადვოკატ“-თან  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელსაც ხელი მოაწერეს სტუ-ს სამართლის კლინიკის ხელმძღვანელმა ანა ფუტკარაძემ და ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ს დირექტორმა მარინა ბერაძემ.

 მემორანდუმის ფარგლებში სტუ-ს სამართლის სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან თბილისის მერიასა და ადგილობრივ გამგეობებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა სამომავლო პროექტებზე, რომელთა ერთობლივ განხორციელებასაც აპირებენ,
მემორანდუმის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში პრაქტიკულ ოთხ თვიან კურსს იურიდიულ კლინიკა – "ჩემ ადვოკატ"-ში გაივლიან, სადაც სტუდენტები მოქალაქეებს, ორგანიზაციის ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ. პრაქტიკული კურსის მანძილზე სტუდენტები სამართლებრივ დოკუმენტებს (სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი და სხვ.) შეადგენენ, ასევე , როგორც სასამართლო ისე თვითმმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობას განახორციელებენ.

კურსის მიზანია საბაკალავრო და სამაგისტრო კურსის სტუდენტებს საშუალება მისცეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს, გამოიმუშავოს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და ადმინისტრირების უნარი. დამოუკიდებელი მუშაობის ფარგლებში სტუდენტი განახორციელებს სამართლებრივი ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიებასა და ანალიზს.
შეგახსენებთ, რომ ქ.თბილისის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ს მთავარ მიზანს, საქართველოს მოქალაქეებისათვის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში უფასო იურიდიული დახმარების გაწევა წარმოადგენს.

სტუ-ს სტუდენტებს იურიდიულ კლინიკა „ჩემი ადვოკატ“-ში პრაქტიკის წარმატებით გავლის გამო სერთიფიკატები გადაეცათ

„იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“-ს პრაქტიკა გავლილი სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იურიდიულ პრაქტიკას 4 თვის მანძილზე გადიოდნენ. სტუდენტებს პრაქტიკული კურსის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ საადვოკატო უნარ-ჩვევებს, ტრენერ-ადვოკატის ზედამხედველობით განეხორციელებინათ მოქალაქეთა კონსულტაციები, შეედგინათ სასამართლო დოკუმენტები (სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი და სხვა) და როგორც სასამართლოში ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა ეწარმოებინათ.
აღნიშნული პროექტის მიზანია იურიდიულ სფეროში მომუშავე პირები გადაამზადოს და კვალიფიკაცია აამაღლოს. საშუალება მისცეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს, გამოიმუშავოს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და ადმინისტრირების უნარი. დამოუკიდებელი მუშაობის ფარგლებში სტუდენტები სამართლებრივი ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიებასა და ანალიზს ახორციელებენ.
სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტისა და ქ. თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

სტუდენტების წახალისების მიზნით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას გადაწყვეტილებით, საუკეთესო შეფასების მქონე ორ სტუდენტს თამარ ბარამიას და გვანცა ჯაფარიძეს სტუ-ს მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში კონკურსის გარეშე მონაწილეობის საშუალება მიეცათ. ასევე, ორივე მათგანი განთავისუფლდა ფინალური გამოცდებიდან.

მემორანდუმის გაფორმება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის.

2013 წელს   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის გაფორმდა მემორანდუმი მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ს ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ- მამუკა ახვლედიანმა.

მემორანდუმი საშუალებას აძლევს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს და მაგისტრანტებს, გაიარონ პრაქტიკა საქალაქო სასამართლოში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე არაერთი სტუდენტი იქნა წარგზავნილი საქალაქო სასამართლოში პრაქტიკის გავლის მიზნით.

 

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2013 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში  და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და  ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის თავმჯდომარემ  ჯემალ გახოკიძემ.

მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასამართლოში გაიმართება ტრენინგები. ტრენინგებს ჩაატარებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები. ასევე, გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები.

სამომავლოდ, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან ერთობლივი სამეცნიერო სემინარების და კონფერენციების ჩატარებაზე, კონსტიტუციურ საკითხებზე პოპულარული გამოცემების მომზადებასა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების მოწყობაზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, სასამართლოში გაიარონ სასწავლო და პროფესიული პრაქტიკა.