კურსდამთავრებული ბორენა ყურაშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის რუბრიკა  „გაიცანი სტუ-დენტი“,  ამჟამად წარმოგიდგენთ,  ბორენა ყურაშვილს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

 

-მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველს. ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ამ რუბრიკაში მონაწილეობა, ვინაიდან, ვთვლი, რომ სათქმელი ბევრი მაქვს.

  1. თავდაპირველად, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ასოციაციას იწვევს თქვენში სტუ და უფრო მეტიც ფაკულტეტი?

სიმართლე გითხრათ, როდესაც გავიგე რომ სტუ-ში ჩავაბარე ერთგვარი დაბნეულობის გრძნობა გამიჩნდა რადგან არ ვიცოდი თუ რამდენად კარგი უნივერსიტეტი იყო, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და იმაზე მეტი მომცა ფაკულტეტმა ვიდრე შემეძლო ეს წარმომედგინა ან მომეთხოვა. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით და ვფიქრობ,  ეს საუკეთესო არჩევანი იყო. სტუდენტური წლები ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს ხდები დამოუკიდებელი, იწყებ ახალ პერიოდს ცხოვრებაში, რომელიც არც ისე მარტივი არ არის მაგრამ სასიამოვნო თავგადასავლებით სავსეა.

  1. როგორ აღწერდით თქვენს სტუდენტურ წლებს?

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა  მაჩუქა ბევრი ძვირფასი მოგონება. პირველ რიგში შევიძინე დიდი სანაცნობო წრე, გავიცანი  ბევრი ჭკვიანი, საკუთარი საქმის მცოდნე და კარგი ადამიანი. შევიძინე ახალი მეგობრები, თეორიული ცოდნის გარდა მივიღე პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა ორგანიზაციებში პრაქტიკისა და სტაჟირების კურსების გავლის გზით, რომელსაც ჩვენი  ფაკულტეტის იურიდიული კლინიკა გვთავაზობს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ უნივერსიტეტის სახელით  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას და ლექტორების თანადგომით მონაწილეობა მივიღე ბევრ პროექტში, კონფერენციასა და ტრენინგ-კურსებში. 2014 წელს ვმონაწილეობდი საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლაში, სადაც გავეცანით საკონტიტუციო სამართალწარმოებას.

2016 წელს უნივერისტეტის სახელით მონაწილეობა მივიღე  პროექტში „ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი”, რომელიც განხორციელდა ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ. საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 60- მდე გუნდმა, წერილობითი განაცხადების გაგზავნის შემდგომ პროექტში მონაწილეობა განაგრძო ათმა საუკეთესო გუნდმა და მათ მოიპოვეს უფლება მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ პროცესებში (ზეპირ რაუნდებში).  პროექტში მონაწილეობის დროს ჩვენი ფაკულტეტის დეკანი და ლექტორები  გვიჭერდნენ მხარს და გვეხმარებოდნენ. ურთულეს შეჯიბრში  ტექნიკური უნივრისტეტის გუნდმა დაიკავა მესამე ადგილი.

  1. როგორც ვიცი, თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ სტუდენტებს შორის რომელიც ფაკულტეტმა დააფინანსა საზღვარგარეთ მიგეღოთ პრაქტიკული გამოცდილება ?

დიახ, ეს ძალიან სასიამოვნო მოვლენა იყო. 2017 წელს მონაწილეობა მივიღე ICC -ს (საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს) იმიტირებულ პროცესში, შიდა ტურებში. ხოლო შემდეგ წავედით ნიდერლანდების სახელმწიფოში, სადაც ასევე, მონაწილეობა მივიღეთ ქალაქ უტრეხტში გამართულ გაეროს მოდელირებულ კონფერენციაში. ვიყავით ქალაქ ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ICC ) და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICTJ). არაჩვეულებრივი პრაქტიკა შემძინა ამ ერთობ სათავგადასავლო მოგზაურობამ, რომელშიც ასევფე ფაკულტეტის მიერ დაფინანსებული სხვა სტუდენტების იღებდნენ მონაწილეობას.

  1. რომელია ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელშიც მიგიღიათ მონაწილეობა

ფაკულტეტის ორგანიზებული ყველა ღონისძიება იყო საინტერესო და გათვლილი სტუდენტების ინტერესებზე. მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა პროექტი „მომავლის იურისტი“. ალბათ იმიტომ, რომ ის  იყო ჩემი პირველი გამარჯვება. პირველი კურსის დასასრულს გამოცხადდა  კონკურსი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ყველა კურსზე თითო გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო. უნდა აგერჩია წარმოდგენილი თემებიდან რომელიმე, დაგემუშავებინა და წარგვედგინა. თემის მოწონების და მეორე ტურში გადასვლის შეთხვევაში, კი შექმნილი კომისიის წინ მონაწილეებს უნდა წარედგინათ თემა და ეპასუხათ დასმულ კითხვებზე. პირველი კურსის გამარჯვებული გავხდი მე და გამიშვეს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლაში. ეს პირველკურსელისთვის საოცარი სტარტი იყო, მივხვდი რომ სასწავლო წლის ბოლოს ჩემი შრომა დაფასდა.

  1. ძალიან ბევრი სტერეოტიპი არსებობს სტუ-ს შესახებ, როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?

უდავოა, რომ ცუდს მხოლოდ ის სტუდენტები ამბობენ რომლებმაც საგნები ვერ ჩააბარეს, სტიპენდიები ვერ მოიპოვეს და ა.შ. როცა რაღაც არ გამოგდის ცდილობ დამნაშავე მოძებნო და ძალიან მარტივია უნივერსიტეტი დაადანაშაულო შენს წარუმატებლობაში. მესმის, რომ ყველა ფაკულტეტზე ერთნაირი სწავლების დონე არ არის თუმცა, სამაართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ბოროტი ადამიანის გარდა ვერავინ იტყვის რომ არ/ვერ სწავლობენ. აქ ყველა სტუდენტი მაქსიმალურად იღებს უმაღლეს ცოდნას უბრალოდ ამას დანახვა და შეფასება უნდა, დანახვის ნიჭი კი მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს გააჩნიათ.

დადებითი და უარყოფითი მხარეები ყველგან და ყველაფერში არსებობს. არ მახსოვს რაღაც ისეთი უარყოფითი მხარე რომელზეც შეიძლება საუბარი ღირდეს. თუ არსებობდა პრობლემა დეპარტამენტის უფროსთან, რომელიც ახლა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანია პროფესორ ირაკლი გაბისონიასთან განხილვის შემდეგ მისი მოგვარება ხდებოდა.

  1. თუ გყავთ გამორჩეული ლექტორი ?

 

ბევრი რამ შემიძლია ვთქვა ჩემს უსაყვარლეს ლექტორებზე. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ჩემგან იურისტი და დამეხმარნენ ცხოვრებაში დასახული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნის განხორციელებაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ყავს ძალიან კარგი აკადემიური  გუნდი. მადლობა მინდა გადავუხადო იმ უსაყვარლეს და მისაბაძ ლექტორებს, რომლებმაც ძალიან შემაყვარეს ჩემი პროფესია, მომცეს დიდი შემართება და ძალა, რომ უფრო მეტს მივაღწიო. ცალკეული მათგანის გამოყოფა გულწრფელად არ შემიძლია, რადგან არა ერთი, არამედ ათეულობით ლექტორი იმსახურებს ჩემგან უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს.

  1. რაში მდგომარეობს თქვენი სამომავლო გეგმები?

მე უკვე ავირჩიე სტუ ისე, რომ არ ვიცოდი არაფერი მის შესახებ, და ახლა  როდესაც ამდენი დადებითი ემოცია მაკავშირებს მასთან, იგივე გადაწყვეტილება მივიღე და მაგისტრატურაში ჩასაბარებლად მხოლოდ ამ უნივერსიტეტს მივაშურე.  ახლა უკვე სტუს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.

  1. რამ გამოიწვია თქვენი წარმატება?

ჩემს  წარმატებაში წვლილი შეიტანა და შეაქვს ჩემს ოჯახს და, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტს, სამართლისა და საერთასორისო უერთიერთობების ფაკულტეტს.  ტყუილი  იქნება რომელიმეს გამოკლებით თუ ვისაუბრო წარმატებაზე. ვინაიდან, ფაკულტეტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გახდეს არა მარტო დარგის კვალიფიციური სპეციალისტი, არამედ შეიძინოს და აიმაღლოს სოციალური და ინდივიდუალური კომპეტენციები, რაც აუცილებელია თანამედროვე პირობებში მრავალმხრივი და სრულყოფილი საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის. მიიღოს პრაქტიკული უნარჩვევები და რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს საქმის პროფესიონალად.ყოველივედან გამომდინარე მინდა  დიდი მადლობა გადავუხადო სამართლისა და საერთასორისო ურთიერთობების ფაკულტეტს ყველაფრისთვის. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ნამდვილად დიდ ამაგს სწევს თითოეულ სტუდენტზე.

ბატონ ირაკლის, ვუსურვებ კიდევ დიდხანს ემსახუროს თავის საქმეს ისეთი ენერგიით, შემართებით და ენთუზიაზმით როგორიც ახლა აქვ  მას და ჩვენს ფაკულტეტს დიდ წარმატებას ვუსურვებ.

  1. დაბოლოს, ჩვენი უცვლელი კითხვა, რა რჩევას მისცემდით პირველკურსელებს?

პირველ რიგში, ვულოცავ სტუ-დენტობას და ვუსურვებ ძალიან უყვარდეთ ის რასაც აკეთებენ, მუდმივად ჰქონდეთ ენთუზიამი.  ვურჩევ სწავლას მოეკიდონ სრული პასუხისმგებლობით. დაესწრონ ყველა ლექციას, მოუსმინონ ლექტორებს, დასვან ბევრი კითხვები, იმსჯელონ მათთან ერთად სხვადასხვა საკითხებზე, ჩამოიყალიბონ  და დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები. იყვნენ აქტიურები, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო პროექტებსა და კონფერენციებში. არ დაეზაროთ, იშრომონ ბევრი  და მუდმივად ეცადონ განავითარონ საკუთარი თავი,  ვინაიდან ჩვენი პროფესია მუდმივად განვითარებადია და ფეხი უნდა აუწყო ნოვაციებს.

 

Posted in Uncategorized.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *